Get Your 100% Free IQ Test Android App
აქტივები

აქტივები

აქტივების განმარტება და ტიპები

საწარმოს მუშაობისთვის აუცილებელია ქონება, ეკონომიკური რესურსები, რაც წარმოადგენს საწარმოს აქტივს.

აქტივები არის საწარმოს განკარგულებაში მყოფი მატერიალური და არამატერიალური რესურსები რომელიც წარსულში განხორციელებული სამეურნეო მოვლენების (ქონების საწესდებო კაპიტალის სახით შემოტანა, საწარმოს შემოსავლები გაყიდვებიდან, გაწეული ხარჯები თუ ინვესტიციები და ა.შ.) შედეგს წარმოადგენენ და რომლისგანაც საწარმო მომავალში ეკონომიკური სარგებელის მიღებას მოელის.

სამეურნეო ოპერაციებში მონაწილეობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე აქტივები იყოფა მოკლევადიან (მიმდინარე) და გრძელვადიან აქტივებად. 

მოკლევადიანი აქტივები გრძელვადიანი აქტივები
  • ფულადი საშუალებები
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობები
  • მოკლევადიანი ინვესტიციები
  • მოკლევადიანი მოთხოვნები
  • ძირითადი საშუალებები
  • არამატერიალური აქტივები
  • გრძელვადიანი ინვესტიციები
  • გრძელვადიანი მოთხოვნები

 

  • გრძელვადიანი ინვესტიციების - შემადგენლობაში აღირიცხება საწარმოთა მიერ ფასიან ქაღალდებში ერთ წელზე მეტი ვადით განხორციელებული ინვესტიციები, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოსათვის ეკონომიკური სარგებლის მოტანას მიმდინარე პერიოდში ან მომავალში.
  • გრძელვადიან მოთხოვნებს - მიეკუთვნება მოთხოვნები, რომლის განაღდების ვადა ერთ წელს აღემატება.
  • მიმდინარე აქტივები - იყოფა ფულად და არაფულად აქტივებად. მიმდინარე ფულად აქტივებს მიეკუთვნება ფულადი საშუალებები სალაროში და საბანკო ანგარიშებზე.
  • მოკლევადიანი ინვესტიციების - შემადგენლობაში აღირიცხება საწარმოთა მიერ ფასიან ქაღალდებში ერთ წლამდე ვადით განხორციელებული ინვესტიციები, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოსათვის ეკონომიკური სარგებლის მოტანას.
  • მოთხოვნები - წარმოიშობა, როდესაც მიწოდება ან მომსახურება განხორციელებულია ღირებულების შემდგომი გადახდით.
  • მოკლევადიანი მოთხოვნები - ეს არის მოთხოვნები საქონლის მიწოდებიდან, მომსახურების გაწევიდან, შესრულებული სამუშაოდან და სხვა, რომლის განაღდების ვადა ერთ წელს არ აღემატება.
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობები - ისეთი აქტივებია, რომლებიც: შეძენილია და გათვალისწინებულია გასაყიდად, მონაწილეობს წარმოების პროცესში და გათვალისწინებულია გასაყიდად, წარმოდგენილია ნედლეულისა და მასალების სახით და განკუთვნილია საწარმოო მოხმარებისათვის ან მომსახურების გასაწევად. ასეთ აქტივებს მიეკუთვნება: საქონელი, ნედლეული და მასალები, მზა პროდუქცია, დაუმთავრებელი წარმოება, საწარმოო მარაგები, სათადარიგო ნაწილები და სხვა.
  • საქონელი არის მატერიალური ფასეულობა, რომელიც შეძენილია სხვა სამეურნეო სუბიექტისაგან და განკუთვნილია გასაყიდად ყოველგვარი დამატებითი დამუშავების გარეშე.
  • ნედლეული წარმოადგენს მზა პროდუქციის ნივთიერ საფუძველს. მაგ: ქვანახშირი მეტალურგიული წარმოებისათვის.
  • მასალები იყოფა ძირითად და დამხმარე მასალებად. ძირითადი მასალები პროდუქციის ძირითად შემადგენლობას წარმოადგენს. მაგ: ქსოვილი ტრიკოტაჟის წარმოებაში. დამხმარე მასალები საჭიროა იმისათვის, რომ ნაწარმმა დასრულებული სახე მიიღოს მაგ: შეფუთვა.
  • მზა პროდუქცია ისეთი მატერიალური ფასეულობაა, რომელმაც გაიარა დამუშავების ყველა სტადია, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და გამზადებულია სარეალიზაციოდ.
  • დაუმთავრებელი წარმოება წარმოადგენს მატერიალურ ფასეულობას, რომელსაც გავლილი აქვს დამუშავების გარკვეული სტადიები, მაგრამ დასრულებული სახე ჯერ არ მიუღია.

მიმდინარე აქტივებს მიეკუთვნება ასევე მომავალი პერიოდის ხარჯები, რომლის გაწევა ხდება წინასწარ, მიმდინარე პერიოდში, ხოლო ეკონომიკური სარგებელი მათგან მიიღება მომავალში. ასეთია: წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა, წინასწარ გადახდილი დაზღვევის თანხა, ახალი პროდუქციის ათვისების ხარჯები და სხვა.