Get Your 100% Free IQ Test Android App
ბუღალტერიის არსი

ბუღალტერიის არსი

დანიშნულება და ძირითადი პრინციპები

ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის ხერხების ნაკრებს, რომლის საშუალებითაც ხდება აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლების, ხარჯების აღიარება და შეფასება.

ეს პრინციპებია:

  • ორმხრივობა - ორმხრივობის პრინციპი შეიძლება წარმოვიდგინოთ ტოლობის სახით, რომლის ორივე მხარეს ტოლფასი სიდიდეები თავსდება. კერძოდ, აქტივები = ვალდებულებებს + საკუთარი კაპიტალი. ამ პრინციპით ქონების ერთი ნაწილი იზრდება მისი სხვა ნაწილის შემცირების ხარჯზე. ამიტომ მომხდარ სამეურნეო ოპერაციებს ორი მხარე აქვს და იწვევს ორად გავლენას საწარმოს აქტივებსა და ვალდებულებებზე.
  • ფულადი შეფასება - ამ პრინციპის თანახმად ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვას ექვემდებარება ის ობიექტები, რომელთა ფულადი საზომით გამოსახვა არის შესაძლებელი.
  • არსებითობა - ინფორმაცია ითვლება არსებითად, თუ მისი გამოტოვება ან არასრული ასახვა გამოიწვევს ფინანსური აღრიცხვის ინფორმაციის დამახინჯებას.
  • უწყვეტობა - ნიშნავს, რომ საწარმო მომავალშიც აგრძელებს აქტიურ საქმიანობას, უწყვეტობის პრინციპი დაკავშირებულია ბასს (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები)-ის ერთერთ ძირითად დაშვებასთან „ფუნქციონირებადი საწარმო“, რომელიც ასევე ნიშნავს საწარმოს საქმიანობის უსასრულოდ გაგრძელებას და რომ მისი შეწყვეტა უახლოეს საპროგნოზო მომავალში (მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში) მოსალოდნელი არ არის.
  • პირვანდელი ღირებულების პრინციპით - აქტივები აღირიცხება მათი შეძენისას გადახდილი ფულის ოდენობით, ხოლო ვალდებულებები იმ აქტივის თანხის ოდენობით, რაც ვალდებულების სანაცვლოდაა მიღებული.
  • საწარმოს ავტონომიურობის პრინციპის - თანახმად ფინანსური ინფორმაცია ასახავს მხოლოდ საწარმოს მიერ გაწეულ საქმიანობას და არა მისი მესაკუთრისას. საწარმო დამოუკიდებელია მისი მესაკუთრეებისგან. გამიჯნულია საწარმოსა და მისი მესაკუთრის ქონება.
  • მყარი ფულადი ერთეულის პრინციპის - თანახმად ფინანსური ანგარიშგება ემყარება მყარ ვალუტას. ინფლაციის პირობებში ფინანსური ანგარიშგება კორექტირებას მოითხოვს.
  • სიფრთხილის ანუ წინდახედულების პრინციპი - გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებისადმი ფრთხილ, წინდახედულ დამოკიდებულებას.
  • რეალიზაციის პრინციპი - გულისხმობს, რომ საწარმოს შემოსავლების აღიარება ხდება მყიდველზე აქტივის გადაცემისას ან მომსახურების გაწევისას.
  • შესაბამისობის პრინციპი - ნიშნავს შემოსავლებისა და ხარჯების ურთიერთდაკავშირებას. ხარჯების ასახვა უნდა მოხდეს იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც წარმოიქმნა შემოსავლები ამ ხარჯების გაწევის შედეგად.